Google+

გამოსვლები და განცხადებები

10.09.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორში შიდა ქართლის გუბერნატორსა და გამგებლებს შეხვდა

მოგესალმებით!

მქონდა საშუალება გორში აღდგენითი სამუშაოები დამეთვალიერებინა.

ჩვენი გორი აღარ არის ის ქალაქი, რაც იყო ათი დღის, ორი კვირის წინ.

აქ სამუშაოების ძალიან ფართო ფრონტია გაშლილი.

ჩვენ დაპირებას აუცილებლად შევასრულებთ.

დრო სჭირდება იმას, რომ ის, რაც დამპყრობელმა დაანრგიეს, უკეთესად აშენდეს, უფრო ლამაზი იყოს და მეტად განვითარდეს.

ჩვენ შევხვდით დაზარალებულებს. ამ დღეებში რამოდენმიე შეხვედრა მქონდა, იყო ბევრი დასამახსოვრებელი ფაქტიც.

არასოდეს დამავიწყდება ერთი გოგონას ნათქვამი, მან მითხრა, რომ ყველაზე მეტად გული წყდება არა სახლზე და სხვა რამეზე, არამედ გული წყდება პრეზიდენტის საჩუქარზე, რომელიც მან კარგი სწავლით დაიმსახურა.

მინდა ვუთხრა ამ გოგონას და სხვებსაც, უკეთესი კომპიურები და სწავლის უკეთესი პირობები ექნებათ მომავლისათვის.

ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ერთ კვირაში ყველაფერი დადგება თავის ადგილზე.

ჩვენ გვაქვს თვრამეტთვიანი სტაბილიზაციის გეგმა. რომელიც რამოდენიმე ეტაპად იყოფა: პირველი ეტაპი არავის არ უნდა ციოდეს, კარვებიდან ხალხი უნდა გადავიყვანოთ სტაციონალურ შენობებში. ზამთრის დადგომამდე, ამ ზონიდან არცერთი უსახლკარო ადამიანი აღარ უნდა დარჩეს.

ჩვენი შეთანხმების მიხედვით, რომელსაც სარკოზისთან ერთად მივაღწიეთ, პირველ ეტაპზე აქეთა სოფლებში უნდა დავაბრუნოთ ხალხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ოცი ათასზე ნაკლები უსახლკარო გვეყოლება, თუმცა ამ სოფლებშიც არის სახლები აღსადგენი.

ვინც მთლად უსახლკაროდ არის დარჩენილი, ყველას უნდა ჰქონდეს ახალი სახლი. ეს მძიმე ამოცანაა.

მე დავავალე შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, სათავეში ჩაუდგეს ამ აღდგენით სამუშაოებს.

მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ანტიკრიზისულმა საბჭომ, რომელშიც ჩვენ ოპოზიციის წევრებს შევთავაზეთ შესვლა, ამაზე პრაქტიკულად შეთანმებული ვართ.

საქართველო იღებს დახმარებას, ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ველით მილიარდზე მეტ დახმარებს, მილიარდზე მეტს, ევროკავშირიდან. უკარაინამ დამატებით კიდევ ათი მილიონი დოლარი ჩარიცხა ამ სახლების მშენებლობისათვის. მანამდე კი, თერთმეტ მილიონამდე იყო ჩარიცხული. აქ სახლებს ააშენებს თურქეთი და გერმანია.

მე არ მინდა ვინმეს დარჩეს განცდა, რომ აქ რამე არასწორედ დაიხარჯა. ამიტომ რაც მეტი კონტროლი იქნება, მით უკეთესი იქნება.

მზად ვარ ანტიკრიზისულ საბჭოს მივცე გარკვეული აღმასრულებელი ფუნქციები, რათა ყველამ ერთად ვიმუშაოთ.

ჩვენ ახლა ერთად უნდა აღვადგინოთ ქვეყანა.

ჩვენი ტერიტორიების მითვისების მსურველსა და აგრესორს ერთად ვაჩვენოთ, რომ საქართველო ერთიანი და ეფექტური ქვეყანაა.

თქვენმა აპარატმა უნიკალურად იფუნქციონირა.

მე ყველას მადლობას ვუხდი.

ახლა, როცა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებულია, ჩვენი ქვეყნის აღდგენაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება ქართული სახელმწიფოს დიდი ამოცანაა.

თუ აქამდე სრულიად ნათელი იყო, რომ რუსეთი არაფრის დათმობას არ აპირებდა, დღეს სრულიად ნათელია ყველასათვის თუ რა იყო ეს თამაში.

რუსეთი იძულებული იყო ცალმხრივად ეღიარებინა ეს ტერიტორიები მთელი მსოფლიოს აღშფოთებისა და გაოგნების პირობებში.

ეს არა თუ სიძლიერის, არამედ უკიდურესი სისუსტის ნიშანია.

დღეიდან ეს პრობლემა აღარ არის საქართველოს პრობლემა, ეს არის პრობლემა რუსეთსა და დანარჩენ სამყაროს შორის, რომელშიც ასევე შედის საქართველოც.

შემთხვევითი არ არის, რომ ევროკავშირის პრეზიდენტი ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში.

ჩვენ შევთანხმდით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ევროპის სხვა ლიდერები, გერმანიის კანცლერი, ბრიტანეთის პრემირ-მინისტრი, ათობით სხვა პრეზიდენტი და პრემიერი, იმედია, აშშ-ს პრეზიდენტიც, ჩამოვლენ უახლოეს თვენახევარში საქართველოში, რათა გავმართოთ დიდი სამიტი, ისეთი, როგორიც ამ რეგიონში არასოდეს არ გამართულა და შესაძლოა არასოდეს არ გაიმართოს. ეს სამიტი გაიმართება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად და საქართველოს ასაღორძინებლად და ფეხზე დასაყენებლად.

ბრიუსელში, ევროკავშირის ბოლო შეხვედრაზე საუბრი იყო იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს ნიმუში ეკონომიკური წარმატებისა რეგიონში, როგორც პასუხი რუსულ აგრესიაზე.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, დაზარალებულებს არა მხოლოდ ფინანსური კომპენსაცია მივცეთ, არამედ ამ ხალხს მთავარია შემოსავლის მუდმივი წყარო და პერსპექტივა გაუჩნდეს.

ამ მხრივ, ხოსე მანუელ ბაროსომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირი მუშაობს ჩვენთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე.

ჩვენ უნდა შევიდეთ თავისუფალი ვაჭრობის ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ევროპაში შევალთ გადასახადების გარეშე.

ამერიკის პრეზიდენტმა ეს უკვე გამოაცხადა, ეს პროექტი კი, შევა კონგრესშიც. ამის შემდეგ ჩვენ ამერიკაში გვექნება პრეფერენციალური რეჟიმი, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა პროდუქტს, რომელსაც ჩვენ ვუშვებთ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ამერიკის ბაზარზე შევიტანთ. ეს მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანას თუ აქვს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეკონომიკას და ინვესტორებს პერსპექტივა აქვს.

ამიტომ ძალიან ბევრი საწარმო უნდა გაიხსნას, ბევრი ინვესტიცია ჩაიდება, დრო დაგვჭირდება მანამ, სანამ ინვესტორების ნდობა აღდგება. ომის შემდეგ პირდაპირ აღმშენებლობაზე გადასვლა რთული პროცესია.

არ დაგიმალავთ, რომ დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ ჩვენი ორმოცდაათთვიანი პროგრამის განხორციელებას იმ რიგითობით, როგორც ეს გათვლილი იყო.

რასაკვირველია, ამ პროგრამას შევასრულებთ, მაგრამ რაღაც საკითხები გადაიწევს უკან, რაღაც კი, ადრე გაკეთდება.

როცა მტერი გვიტევდა, გაერთიანება რთული იყო, მაგრამ ამავე დროს, უფრო ბუნებრივი.

ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ერთად დგომა ყოველგვარ დაპირისპირებაზე მაღლა დგას.

გორელებმა ნამდვილი გმირობა გამოიჩინეს. ამხელა ჯავშანტექნიკა და 70 ათასი ჯარისკაცი რომ შემოსულიყო გორში, ქალაქიდან ქვა-ქვაზე აღარ დარჩებოდა. გორის დატოვების გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მივიღეთ, სხვა შემთხვევაში, გორი აღარ იარსებებდა.

დამპყობლებმა იმდენად მასობრივი შეტევა განახორციელეს, რომ სამწუხაროდ, ორგანიზებული ევაკუაცია ვერ მოვასწარით.

გორელებს რაღაც მომენტში შეიძლება გაუჩნდათ გრძნობა, რომ ხელისუფლებამ ისინი ამ დაუნდობელ ძალასთან პირისპირ მიატოვა.

მე ისიც ვიცი, როგორ გმირულად დადგნენ გორელები. ადმინისტრაციის ბევრმა წარმომადგენელმა იმუშავა უკიდურესად დიდი გამძლეობით და ნამდვილი გმირობა გამოიჩინა.

ეს ეხება არა მარტო გორს, არამედ კასპს, ხაშურს და აქაურ ადგილებს. სამუშაო პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს.

ყველა სამუშაო ადგილი უნდა აღდგეს და ყველა დახურული საწარმო უნდა გაიხსნას. ამის თაობაზე განსაკუთრებული დავალება მიცემული აქვს ადგილობრივ ადმინისტრაციებსა და საქართველოს მთავრობას.

ჩვენი ამოცანაა პირველ რიგში მივხედოთ დაზარალებულებს, რომ ზამთარში არცერთი ადამიანი არ დაგვრჩეს ღია ცის ქვეშ, არ დაგვრჩეს არცერთი ბავშვი, რომელიც არ ისწავლის კარგ პირობებში, არ დაგვრჩეს არცერთი ავადმყოფი, რომელსაც ვერ ვმკურნალობთ და სახელმწიფო ვერ ეხმარება, არ დავგრჩეს არცერთი სოციალურად დაუცველი ადამიანი, რომელიც ვერ იღებს სოციალურ დახმარებას.

ამის პარალელერად, ჩვენი ამოცანაა გადავიდეთ აღმშენებლობის ახალ ეტაპზე და გორი გადავაქციოთ ძალიან ლამაზ ქალაქად. ეს გმირული მხარე - ქართლი გადავაქციოთ მთელ ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ და მდიდარ მხარედ.

ჩვენ მსოფლიო ბანკთან ვმუშაობთ და გზის მშენებლობა გაგრძელდება. ორ წლის შემდეგ რიკოთამდე ჩავალთ კარგი გზით, წლის ბოლომდე კი, გორამდე დასრულდება ამ გზის მშენებლობა.

პარალელურად, ჩვენ დავიწყებთ მომავალ წელს სამტრედია-ზესტაფონისა და სამტრედია-ფოთის მონაკვეთის მშენებლობას. ავტობანი და ეს მხარე შავი ზღვისპირეთთან შეერთდება ძალიან სწრაფი გზით. ამის თანხა უკვე არსებობს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით მსურს ინფორმაცია მოგაწოდოთ.

პირველ ეტაპზე აქეთა სოფლებიდან და სამეგრელოდან უნდა გავიდნენ ეს ჯარები. მეორე ეტაპი არის ის, რომ ევროკავშირმა ჩვენთან ერთად იმუშაოს და მუდმივი დიალოგისა და დიპლომატიური ზეწოლის ქვეშ მოახერხოს ევროკავშირის მანდატის გავრცელება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ევროკავშირის მყარი პოზიციაა - რომ ყველა დევნილი დაწყებული 1992 წლიდან დამთავრებული ეხლანდელ დაზარალებულებამდე უნდა დაბრუნდეს სახლებში. ეს ძალიან მყარი და მტკიცე პოზიციაა.

მათი პოზიციაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იყოს დაღული და გარანტირებული.

თუ რუსეთი დადებულ პირობას არ შეასრულებს, მაშინ რუსეთი აღმოჩნდება უფრო დიდ იზოლაციაში, ვიდრე ოდესმე იყო საბჭოთა კავშირი.

რუსეთის ეკონომიკა, რომელიც ბოლო მოვლენების შედეგად ჩამოშლის პირას არის მისული, ასეთ დარტყმებს ნამდვილად ვერ გაუძლებს. რუსული საზოგადოება ამისათვის მზად არ არის.

ჩვენ დაგვჭირდება მოთმინება, ერთიანობა სიმშვიდე და სიდარბაისლე და სულგრძელობა.

დაგვჭირდება მუდმივი დიალოგი ჩვენს ხალთან, მათ წარმოუდგენელი სიმტკიცე გამოიჩინეს.

ამისათვის ჩვენ ყველამ ქედი უნდა მოვიხაროთ.

ჩვენ მოვიგეთ ყველა საერთაშორისო პოზიცია.

ყველამ იცის, რომ ჩვენ გენოციდი არ მოგვიწყვია.

ყველამ იცის, რომ ჩვენ არანაირად არ მოგვიკლავს 2000 კაცი.

მსხვერპლი პრაქტიკულად მინიმალური იყო.

მე არანაირად არავის სიკვდილი არ მიხარია, მაგრამ საუბარი იყო ადგილობრივი შენაერთების წარმომადგენლებზე.

ამავე დროს, ძალიან დიდი მსხვეპლი იყო რუსეთის ჯარში.

ამას ახლა ისინი ცდილობენ რომ გაამართლონ, თითქოს საქართველოს ჰქონდა სუპერ-იარაღი, სუპერ-ტანკები, სუპერ-ქვემეხები.

თქვენ კარგად იცით, რომ მსგავსი არაფერი გვქონია.

ჩვენ გვქონდა გული და ვიცავდით ჩვენს სამშობლოს.

ეს არის განსხვავება.

ჩვენ გვქონდა ზუსტად ისეთივე იარაღი და ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე მათ ჰქონდათ.

ამხელა განსხვავება მსხვერპლს შორის არის იმიტომ, რომ ჩვენები იბრძოდნენ სამშობლოსათვის, ხოლო ისინი იყვნენ მომხვდურები ჩვენი სამშობლოს ტერიტორიაზე.

მე საფრანგეთის პრეზიდენტს და სხვა დელეგაციებს უტყუარი დამადასტურებელი მასალები გადავეცი იმისა, რომ რუსეთმა პირველმა განახორციელა ფართომაშტაბიანი ინტერვენცია, თუმცა ყველაფერი, რასაც რუსეთი მანამდე აკეთებდა, ამის დამადასტურებელი იყო. ზოგიერთი ადამიანი ევროპაში ამბობდა, რომ საგამოძიებო კომისია შევქმანთ, იმის იმედით, რომ იქნება საგამოძიებო კომისიას ეთქვა, რომ ქართველებიც არიან დამნაშავენი.

პირველად მე განვაცხადე, რომ სასწრაფოდ შევქმნათ საგამოძიებო კომისია, ჩვენ საერთაშორისო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. ყველა დანგრეულ სახლს, მათ ძმრად ამოვადენთ.

დარწმუნებული ვარ, სამართლებრივი გზით საქართველო მიიღებს შედეგებს.

ეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა შევიარაღდეთ ყველა სამართლებრივი არგუმენტით, რათა მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია.

როგორც კი საქართველომ ამ კომისიის შექმნა მოითხოვა, ვიღაცეებს ნირი წაუხდათ.

ჩვენ შევეცდებით ჩამოვიყვანოთ დიდი საერთაშორისო ავტორიტეტული ჯგუფი და დიდი მოხსენება დავწეროთ.

ყველამ ყველაფერი ისედაც იცის, მაგრამ ისტორიისათვის ეს მნივშნელოვანია.

მე ვთხოვ პარლამენტს, რომ რუსული აგრესიის ყველა ასპექტი დეტალურად განიხილოს.

მინდა სრული პასუხისმგებლობა ავიღო, ყველაფერზე, რამაც მიგვიყვანა რუსეთის აგრესიამდე, ასევე ვიღებ სრულ პრასუხისმგებლობას იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს აღმშენებლობა, საქართველოში მშვიდობის დამკვიდრება და საქართველოს მშვიდობიან ქვეყნად ქცევა, რათა საქართველოში აღარ მოხდეს ახალი ომი. იმედი მაქვს, რომ თქვენ ყველანი ერთად ამ პასუხისმგებლობას გაინაწილებთ და ერთად დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

არავის არანაირი ილუზია არ უნდა ჰქონდეს. საქართველო არ აცდება თავის არჩეულ გზას.

ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ბედნიერი ქვეყანა.

მინდა მადლობა გითხრათ, მინდა მოგიწოდოთ კიდევ ერთხელ უკეთესად ვიმუშაოთ, ერთ მუშტად შევიკრათ.

ჩვენი არაკეთილმოსურნეების საწყენად და ჩვენი ხალხის და მომავლის გასახარებლად ვაჩვენოთ აღმშენებლობა, მოთმინება და ხედვა იმისა, რა უნდა გავაკეთოთ.

ერთის მხრივ ვაჩვენოთ, სიმშვიდე, სიწყნარე და თავმდაბლობა, მეორეს მხრივ - დიდი ამბიცია და მიზანი, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე დადგეს.

ამას ყველანი ერთად აუცილებლად შევძლებთ!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)