Google+

გამოსვლები და განცხადებები

10.08.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

მოგესალმებით!

მსურს განსაკუთრებით მივესალმო ბატონ ბერნარ კუშნერს, რომლის საქმიანობასაც აღფრთოვანებით ვადევნებ თვალყურს, იმ დროიდან, როცა მან ექიმები საზღვრებს გარეშე დააარსა.

ძალიან კარგად გვახსოვს თუ რა ხდებოდა ავღანეთში. საქართველოში დღეს არსებული სიტუაცია ძალაინ ჰგავს, ვიტყოდი ანალოგიურია იმისა, რაც ხდებოდა ბუდაპეშტში 1955-56 წლებში, პრაღაში 1968 წელს და არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ თბილისი 2008 ამ სიის გაგრძელება აღმოჩდეს.

იმ დროს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ასობით რუსული ტანკი აფხაზეთიდან შემოვიდა საქართველოში აფხაზეთის გავლით, რუსული გემები მოადგნენ საქართველოს პორტებს.

150 რუსული ტანკია ამჟამად დედაქალაქიდან 70 კმ-ში. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო სამხრეთ ოსეთის საკითხთან, რადგან რუსეთის ეს მოქმედებები ყველა მიმართულებით ხორციელდება და კარგად აჩვენებს, რომ ეს ოპერაცია დიდი ხნის და კარგად დაგეგმილი გეგმის განხორციელებაა.

ამიტომ, აუცილებელია მოიძებნოს ამ მდგომარეობიდან გამოსავალი.

მე რამოდენიმეჯერ ვესაუბრე პრეზიდენტ სარკოზის, ჩვენ ვცდილობთ ერთად ვიპოვოთ გამოსავალი.

ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა და დავამყაროთ მშვიდობა.

ჩვენთვის აბსოლიტურად მისაღებია მოლაპარაკების ის მოდელი, რომელსაც გვთავაზობს პრეზიდენტი სარკოზი და რა წინადადებებითაც ჩამოვიდა ქვეყანაში მინისტრი კუშნერი.

ცხადია, ეს წინადადება ასევე მისაღები უნდა იყოს რუსებისათვისაც.

ჩვენი მხრივ არ არსებობს რაიმე დაბრკოლება.

ახლა კი, ვფიქრობ, რომ იმ ოპერატიულმა დიპლომატიამ, რა მისიითაც ჩამობრძანდნენ ბატონი ბერნარი და ბატონი შტუბი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მეგობარია და კარგად იცნობს არსებულ მდგომარეობას, უნდა მოიტანოს შედეგი.

ხვალ, საქართველოში ვიზიტის დასრულებისთანავე, ისინი ჩავლენ მოსკოვში სადაც გაგრძელდება ამ ოპერატიული დიპლომატიის ძალისხმევა.

შემდეგ შესაძლოა ისინი კვლავ დაბრუნდნენ თბილისში.

მთავარია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას.

ჩვენ პრაქტიკულად შევდივართ ჰუმანიტარული კრიზისის ფაზაში. უკვე ათობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირია ამ რეგიონიდან.

მე თავად ვიხილე დღეს ათასობით ადამიანი, რომელიც იძულებული გახდა გამოქცეოდა სროლასა და აფეთქებებს. რა საკვირველია ეს არის არნახული სისასტიკე, რომელიც უნდა შეჩერდეს.

ბატონ ბერნარს ალბათ ჩემზე მეტი აქვს სათქმელი.

ბერნარდ კუშნერი:

ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით, მე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საფრანგეთის ნებით, ხოლო ჩემი ფინელი კოლეგა ეუთოს წარმოადგენს, იმისათვის, რომ ვესაუბროთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ეს ესაა აღგიწერათ არსებული ვითარება. მან ბევრად უკეთ უწყის რა ხდება.

ჩვენ, რა საკვირველია, ინტერესით ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას და მიგვაჩნია, რომ უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ.

ჩვენი შეტყობინება და მისია, რომლითაც მე და ჩემი კოლეგა ალექსანდრე შტუბი ჩამოვედით არის ცალსახა და ნათელი, უნდა მივაღწიოთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

ეს გადაწყვეტილება ორივე მხარის შეთანხმებით უნდა იქნას მიღწეული, რა თქმა უნდა, დამკვირვებლების თანდასწრებით და ეს დამკვირვებლებიც უნდა შეირჩეს მათდამი ნდობის ხარისხის მიხედვით.

ვინაიდან წარსულში გვაქვს ამის გამოცდილება, როცა შემდეგ ითხოვენ მთელი რიგი მომენტების დაზუსტებას.

ასე რომ, ერთი მხრივ, ევროკავშირმა და მეორე მხრივ, ეუთომ, შეიძლება კიდევ სხვა მეგობარმა ქვეყნებმა, ერთობლივად მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას.

ეს რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას.

შემდეგია ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ხვალ საფრანგეთიდან უკვე ჩამოვა თვითმფრინავი, მაგრამ საჭიროა, რომ კონფლიქტში დაზარალებულებთან მისვლა იყოს შესაძლებელი.

ესე იგი, ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული კორიდორი და მესამე, მხარეები უნდა დაუბრუნდნენ, იმ მდგომარეობას, რომელშიც ისინი კონფლიქტამდე იმყოფებოდნენ.

ეს შეთანხმება უნდა დადასტურდეს ხელმოწერით.

პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე თანახმაა, საჭიროა, რომ მეორე მხარეც დაეთანხმოს ამ წინადადებას.

ამის მიღწევას შევეცდებით მე და ალექსანდრე მოსკოვში. ხოლო შემდეგ კი უნდა ვეცადოთ გავააქტიუროთ პოლიტიკური მოლაპარაკებები, საერთაშორისო მედიაცია.

უკვე ცხადია, რომ ეს კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება, ამისი ზედმეტად ბევრი მცდელობა უკვე იყო წარსულში.

ვფიქრობ, რომ ევროკავშირს შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულოს.

ეს პროცესი დაწყებულია, დღეს უკვე მესამე ევროპელი მინისტრია საქართველოში, ხვალ კიდევ სხვები ჩამოვლენ, მე და ალექსანდრე შევთანხმდით შევიკრიბოთ ბრიუსელში ოთხშაბათს, ანუ 2 დღეში დილის 10 საათზე, რათა შევაჯამოთ და შევაჯეროთ ჩვენი მისიის შედეგები.

მოვიფიქრებთ თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს მიღებული. შესაძლოა ასევე ვიფიქროთ სახელმწიფოს მეთაურთა დონეზე შეხვედრაზე, თუ ამის აუცილებლობა იქნება.

ჯერჯერობით ეს პროცესი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოგახსენათ, რომ რამდენჯერმე ესაუბრა პრეზიდენტ სარკოზის.

ბატონი სარკოზი ასევე ესაუბრა პრეზიდენტ მედვედევს, პრემიერ მინისტრ პუტინს, ანუ ეს ურთიერთობა გარკვეულწილად წესრიგდება.

ახლა ჩვენი ვალია, ვიმოქმედოთ ძალიან სწრაფად.

ყოველი დაკარგული წუთი ნიშნავს კიდევ მეტ დაღუპულს, ყოველი დაკარგული საათი ნიშნავს გაუბედურებულ ოჯახს, ყოველი დღე კიდევ უფრო აუტანელი ხდება.

ყურადღებით ვისმენდი პრეზიდენტმა სააკაშვილმა წეღან როგორ აღწერა არსებული ვითარება, სწორედ დღეს მდგომარეობა გვაიძულებს ვიმოქმედოთ უსწრაფესად.

ეს არ არის დიპლომატიური ნაბიჯი, ეს უფრო გადარჩენისათვის გადადგმული ნაბიჯია.

ჰოდა, გადარჩენისათვის თუ ვმოქმედებთ, დრო არ უნდა დავუტოვოთ ომს - მივცეთ მეტი დრო მშვიდობას.

აი, ამის გაკეთებას ვცდილობთ ამჟამად.

ჩვენ ეს უკვე რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი ეს ჩვენამდე დაიწყო.

ახლა საჭიროა, რომ ყველა მხარემ გააცნობიეროს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა. იმედია ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, ლტოლვილებისათვის სასურველ შედეგს გამოიღებს და ცეცხლის შეწყვეტა მისაღები იქნება.

ჟურნალისტი: რას შესთავაზებთ რუსებს?

ბერნარდ კუშნერი:

რას და იქიდან გამომდინარე, რასაც თბილისში მოვისმენთ და რასაც საჭიროდ ჩავთვლით, კერძოდ კი, ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. კიდევ ვიმეორებ, არ უნდა მოვაგებინოთ ომს დრო, პირიქით, ის ომს უნდა წავართვათ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)