Google+

გამოსვლები და განცხადებები

23.04.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საწარმო ”ინტერპლასტის” თანამშრომლებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას!

მე უკვე ვესაუბრე თქვენს დირექტორს და ჩემთვის დიდი სიხარულია ვესტუმრო საწარმოს, რომელიც ყველა პარამეტრით შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ სამაგალითოდ ჩვენს ეკონომიკაში.

თქვენი საწარმოს საქონელბრუნვა ყოველწლიურად 30 მილიონ ლარს აღწევს და აქ წარმოებული ქართული მაღალტექნოლოგიური პროდუქტი უკვე ჩვენი ბაზრის 40 პროცენტს ფარავს.

რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის, აქ დასაქმებულია 450 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოს არა მარტო არ შეუმცირებია მუშაობა ყველაზე რთულ პერიოდში - გახსოვთ ალბათ, რომ ერთად გავხსენით ეს საწარმო ორი წლის წინათ, არამედ არ შეუწყვეტია ზრუნვა მის გაფართოებაზე, ინოვაციასა და წარმოების საშუალებების გაზრდაზე.

ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა, როდესაც ხედავ უნიფორმაში გამოწყობილ თქვენს თანამშრომლებს, რომლებსაც უკვე აქვთ ის, რასაც ასე ელოდება რამდენიმე ასეული ქართველი. ეს არის სამუშაო.

თქვენ ხართ დასაქმებულები და ჩემთვის ეს დიდი ბედნიერებაა.

რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე შრომის ფასად იღებთ არცთუ მაღალ ხელფასს, მაგრამ ხართ დასაქმებული და გაქვთ შემოსავალი. ეს მაინც დიდი ბედნიერებაა.

მე გისურვებთ დიდ წარმატებას თქვენს საქმიანობაში, მონდომებასა და ნაყოფიერ შრომაში.

ჩემთვის ყველაზე მთავარი სურვილი და საზრუნავი არის ის, რომ თქვენსავით დასაქმდეს ასობით ათასი ქართველი, რომელიც დღეს ვერაფრით ვერ ახერხებს სამსახურის შოვნას.

ასეთი ქართველი დღეს ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში. მათ აქვთ განათლება, ერჩით ძალა, სჭირდებათ და უნდათ სამუშაო. ისინი იმსახურებენ, რომ ჰქონდეთ სამუშაო, ეძებენ კიდეც, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ...

მთელი ქართული ეკონომიკის უმთავრესი ფუნქცია, მთელი მთავრობის ამოცანა და ჩემი, როგორც პრეზიდენტის, ყველაზე დიდი მიზანი არის ის, რომ საქართველოში ადამიანებს დასაქმების საშუალება გაუჩნდეთ, ანუ შეეძლოთ საკუთარი თავისა და ახლობლების სტაბილური შემოსავლით უზრუნველყოფა.

დასაქმება არის კეთილდღეობა, ხოლო საქართველოს კეთილდღეობაზე უფრო დიდი მიზანი არ არსებობს.

კერძო საკუთრების პირობებში, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, თავისთავად ვერ ქმნის სამუშაო ადგილებს - ეს ყველამ ვიცით. მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია შექმნას პირობები, რათა კერძო სექტორი განვითარდეს, კერძო სექტორში შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, კომპანიები და ქარხნები ამუშავდეს ისე, როგორც მუშაობს თქვენი ქარხანა.

ამ პირობების შექმნას სჭირდება კორუფციასთან მუდმივი ბრძოლა და ამ ბრძოლას ჩვენ ერთი წუთითაც კი არ შევასუსტებთ.

ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ საქართველოში კორუფციას როდესმე მივცემთ განვითარების და აყვავების საშუალებას.

მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც "სახრავი" მოაკლდა და კორუფციის გამო სამსახურიდან გავათავისუფლეთ, ჩვენზე გაბრაზებულია და გვეჩხუბება კიდეც.

ამ ხალხთან არავითარი კომპრომის არ მოხდება.

არც ერთი წუთით არ ვნანობ, რომ შევცვალეთ პოლიციის სტრუქტურა; არც ერთი წუთით არ ვნანობ, რომ საბაჟო სფეროში დავიწყეთ წესრიგის დამყარება; არ ვნანობ, რომ კონკრეტულ კლანებს, ჯგუფებს, მაღალი გავლენის პირებსა და კრიმინალურ სტრუქტურებს დავუპირისპირდით, რათა მათ არ მოეპარათ ის, რაც დანარჩენ საქართველოს ეკუთვნის.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა 15-ჯერ არ გაზრდილა - ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა 12-ჯერ და მეტად. სწორედ ეს არის შემცირებული კორუფციის ინდექსი.

ადრე ამ ფულს ჩინოვნიკები იდებდნენ ჯიბეში, ახლა კი ის ხმარდება სახელმწიფოს.

სახელმწიფომ დაიწყო ფუნქციონირება ე.ი. ჩვენ ვაშენებთ სკოლებს და ვუხდით ხელფასებს პედაგოგებს, ვაშენებთ გზებს და ვიხდით პენსიებს.

ეს რა თქმა უნდა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ კორუფციასთან ბრძოლის ხარჯზე სახელმწიფო უკვე შეიქმნა.

რა თქმა უნდა, ამ პირობების შექმნას სჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარება - კარგი გზები მთელ ქვეყანაში, 24-საათიანი ელექტრომომარაგება, დაბალი გადასახადები, ლიბერალურ ბიზნესგარემო, რომელიც სახელმწიფო ბიუროკრატია ტვირთად არ აწევს კერძო სექტორს...

თუკი ეს პირობები არ გვექნება ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე ფიქრიც წარმოუდგენელია.

სწორედ ამიტომ ვაგებთ გზებს, ყველგან ვებრძვით კორუფციას, შევძელით გვეთქვა - არა! - უშუქობისთვის, დავწეთ გადასახადები, შევამცირეთ სახელმწიფო ბიუროკრატია და გავამარტივეთ პროცედურები ბიზნესის დასაწყებად და საწარმოებლად.

ეს, ჩემო ძვირფასებო, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ შეიქმნას უკეთესი პირობები ხალხის დასასაქმებლად.

ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად გაცილებით მეტია საჭირო. უპირველეს ყოვლისა, ამას სჭირდება დიალოგი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის, მათ შორის პრეზიდენტსა და ბიზნესწარმომადგენლებს შორის.

ამიტომ ვაპირებ, რომ ამიერიდან, გარკვეული სისტემატურობით, ძალიან ხშირად გავმართოთ შეხვედრები მრგვალი მაგიდის გარშემო დიდი საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან.

ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ხელისუფლება უფრო კარგად გრძნობდეს ბიზნესის მაჯისცემას; უკეთესად ხვდებოდეს ამ სფეროში არსებულ პრობლემებს; უფრო მეტად იღწვოდეს იმისათვის, რომ ხელისუფლებისა და ბიზნესის ჰარმონიული მოქმედების შედეგად, ახალი სამუშაო ადგილები წარმოიქმნას.

ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გარდა, უკეთესი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად საჭიროა სამართლიანი და ძლიერი სასამართლო.

ამ მხრივ, გვაქვს ხარვეზები. მართალია, ბევრი რამ უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება.

ამიტომ დავიწყეთ სასამართლო რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ტალღა. ეს არ არის უბრალოდ ლამაზი სიტყვები - ეს არის ნაფიც მსაჯულთა სისტემაზე გადასვლის პირველი ეტაპი.

მსოფლიო მართლმსაჯულების პრაქტიკაში ეს არის მართლმსაჯულების ყველაზე მიუკერძოებელი და სამართლიანი ფორმა. საქართველოში ჩვენ ამ სისტემის დანერგვა დავიწყეთ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სასამართლო სამართლიანი გვქონდეს.

ბიზნესგარემოს განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სიმშვიდე. სიმშვიდის და სტაბილურობის გარეშე არც ერთი ბიზნესი არ არის მიმზიდველი, არც ერთი ინვესტიცია არ ხორციელდება და არც ერთი სამუშაო ადგილი არ იქმნება.

პირიქით, არასტაბილურობა ყოველთვის ხდება მიზეზი იმისა, რომ არსებული სამუშაო ადგილები დაიკარგოს.

ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში შევინარჩუნოთ მშვიდობა, აღარასდროს განმეორდეს სისხლისღვრა საგარეო აგრესიისა და სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად როგორც არ უნდა უნდოდეთ ეს ზოგიერთებს.

ჩვენ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა, როგორც საგარეო ისე შიდა პოლიტიკაში.

დასაქმებისთვის აუცილებელია უკეთესი ეკონომიკური გარემო, ისევე როგორც საზოგადოების ერთიანობა. ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად საჭიროა თანამშრომლობა ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან. ყველა პოლიტიკოსმა უნდა შეძლოს და საკუთარ თავზე მაღლა დააყენოს ხალხისა და ქვეყნის ინტერესები.

ამიტომ, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველაზე პატარა პოლიტიკურ ჯგუფთანაც კი, ყველაზე რადიკალური და მიუღებელი ლოზუნგების ავტორებთანაც კი.

დღეს საქართველოს დაპირისპირებისა და გათიშულობის ნაცვლად ერთად დგომა და ერთად ბრძოლა სჭირდება.

დღეს საქართველოს რთული ეკონომიკური ქარტეხილი აქვს გასავლელი. დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ებრძვის სიღარიბეს და უმუშევრობას, ძალიან ბევრს უჭირს და ბევრიც ძალიან გაბრაზებულია.

მინდა მათ ვუთხრა, რომ მთლიანად ვიზიარებ მათ გასაჭირს და მათთან ერთად მეც ძალიან გაბრაზებული ვარ ჩვენი საერთო მტერზე, რომელსაც უმუშევრობა ჰქვია. ეს მტერი ყველამ ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ, სწორად გააზრებული გადაწყვეტილებითა და მოთმინებით უნდა დავამარცხოთ.

ბოლო პერიოდში ჩვენს მიერ მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებების შედეგად, ხდება სახელმწიფოს მიერ მთელი რიგი პრობლემების სტიმულირება - ეს არის ტენდერები, რომლებიც გამოვაცხადეთ ხალხის დასასაქმებლად; გზების მშენებლობები; საშემოსავლო გადასახადის დაწევა; ენერგოპროექტები და სხვა მრავალი პროექტი, რომელთა მეშვეობითაც ვაპირებთ უმუშევრობასთან ბრძოლას.

ამ პროგრამების ეფექტს, ისევე როგორც ნებისმიერი ეკონომიკური ინიციატივის შედეგად მიღებულ ეფექტს, სჭირდება დრო და კარგი ეკონომიკური გარემოს შენარჩუნება.

სამწუხაროდ არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომელიც თვალის დახამხამებაში მოიტანს ეკონომიკურ კეთილდღეობას - არის მხოლოდ ჩვენი საერთო მონდომება და უნარი შევიმუშავოთ საქართველოს სწორი ეკონომიკური კურსი, რომელიც დასაქმებისკენ, უკეთესი ბიზნეგარემოსა შექმნისა და შესაძლებლობებისკენ წაიყვანს ქვეყანას, გრძელვადიან სტაბილურობას და მშვიდობას მოუტანს საქართველოს.

სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის საფუძველზე უნდა შეიქმნას ინვესტიციებითვის მომგებიანი გარემო.

ხელისუფლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია უფრო მეტი თანამშრომლობა ყველასთან, უკეთესი სასამართლო სისტემისა და უკეთესი გარემოს შექმნა.

ეს არის ის ამოცანები, რომლებიც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს გადასაჭრელი; ეს არის ის ფუნქციები, რომლებიც საზოგადოებასთან ერთად მოგვცემს დასაქმების შესაძლებლობას, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ აუცილებლად გაგვაძლიერებს და დაგვაძლევინებს ეკონომიკურ სირთულეებს.

დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას ამის რეალური შანსი აქვს.

ამიტომ ჩვენ უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ერთ დღეში არაფერი არ ხდება. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ დიდი გზა განვლეთ უკეთესობისკენ, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის, ომისა და სხვადასხვა პოლიტიკური რყევების გამო, გარკვეულ სირთულეებს წავაწყდით.

უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო არის უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა და მათთან შედარებით მეტი შესაძლებლობა გვაქვს ხალხს დავეხმაროთ.

გუშინ დავით ბაქრაძეს ვენაში გადასცეს პრიზი, რომელიც საქართველომ მიიღო - ჩვენი ქვეყანა ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროპის მასშტაბით საუკეთესო ეკონომიკურ რეფორმატორად აღიარეს.

რიგით მოქალაქისთვის ეს არაფრის მთქმელია, რადგან თუ ადამიანს ყოველდღიურად პურის ფულის შოვნის პრობლემა აქვს, ძნელია მას პრიზებზე ელაპარაკო.

თუმცა ამ წოდების მონიჭება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ინვესტიციების მოზიდვა, ახალი ბიზნესის დაწყება, ახალი ფულის ჩადება, ახალი ინდუსტრიული ზონების განვითარება, ახალი საწარმოების შექმნა, ახალ ბაზრებზე გასვლა, ჩვენი სამუშაო ძალის და კვალიფიკაციის ამაღლება, ტექნიკური სასწავლებლების შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ისეთივე ინფრასტრუქტურა, როგორიც აქვს სინგაპურს, ჰოლანდიას ან ნებისმიერ სხვა განვითარებულ ქვეყანას.

ყოველივე ეს უკვე აღარ არის სასწაული.

იმ დროს, როდესაც თბილისი საკრებულოს თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი ვიყავი, წარმოუდგენელი იყო ელექტროენერგიის ან უგზოობის პრობლემების უცბად გადაწყვეტის შესაძლებლობა.

ასევე ვერ წარმოუდგენია დღეს ბევრს, თუ როგორ შეიძლება ვიცხოვროთ ისე, როგორც განვითარებული ევროპული ქვეყნები ცხოვრობენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამის შესაძლებლობა არის. უბრალოდ, ამას მუხლჩაუხრელი შრომა, თქვენი შრომა და ჩვენგან თქვენი ხელშეწყობა სჭირდება და ის, რომ თქვენნაირმა დასაქმებულმა ადამიანებმა, იმ ხალხმა ვისაც პერპექტივის განცდა აქვს, შექმნას ახალი, ბევრად უფრო წარმატებული საქართველო, რომელიც დღეს არსებულ სირთულეებს გადალახავს, დაგვავიწყებინებს არსებულ სიღარიბეს და მომავლის შიშს.

ამაში თითოეული თქვენგანის იმედი მაქვს.

თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ და ყველა მიზანს მივაღწევთ.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)