Google+

გამოსვლები და განცხადებები

07.08.2009
საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

მოგესალმებით!

დღეს არის ჩვენი ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპის აღსანიშნავი დღე. დღეს არის ასევე დღე, რომ გავიხსენოთ ის, რაც მოხდა შარშან, რაც ხდებოდა წინა წლებში და პატივი მივაგოთ და დიდი მადლობა მოვახსენოთ ყველას, ვინც საქართველოს დაუდგა გვერდით.

მსოფლიოში არსებობს ხალხი, რომელთაც ძალიან უნდათ, რომ საქართველო არ აწუხებდეს თავისი პრობლემებით ისედაც დატვირთულ მსოფლიოს.

მე ვიცი ხალხი, მათ შორის ევროპაში, ვისაც კომერციული ინტერესები აქვს რუსეთში, ამიტომ, მათ არ სჭირდებათ, რომ ფეხებში ებლანდებოდეთ პატარა საქართველო თავისი ზოგადსაკაცობრიო პრობლემებით, რადგან მათი შემოსავალი და ჯიბე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შემოსავალს მიიღებენ რუსეთიდან.

ვიცი ისიც, რომ რუსეთის პროპაგანდისტულმა მანქანამ 100-ობით მილიონი დახარჯა საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდაზე საქართველოს გარეთ ევროპაში, ამერიკაში, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოს და ჩვენი მეგობარი ქვეყნების შიგნით, რათა დაემტკიცებინა, რომ საქართველო არის დამნაშავე და საკუთარი დანაშაულის მსხვერპლი.

ვიცი, რომ ასევე არის ხალხი, რომელსაც უნდა თვალი დახუჭოს 21-ე საუკუნეში ჩადენილ ეთნიკურ წმენდაზე, იმაზე, რომ საქართველოში, რუსეთის პირდაპირი ორგანიზებით და მონაწილეობით, ნახევარი მილიონი ადამიანი იქცა დევნილად.

არის ხალხი, რომელსაც სურს თვალი დახუჭოს იმაზე, რომ დღესაც მათ ტერიტორიას დაეპატრონენ როგორც ეს ხდებოდა 20-ე საუკუნის ყველაზე ბნელ დროს - იმავე სცენარით, რომლითაც ნაცისტური გერმანია შევიდა ჩეხოსლოვაკიაში.

ასეთი ხალხი არსებობს, მაგრამ ასეთი ხალხი არის უმცირესობაში, რადგან სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს, სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას და საბოლოოდ, დემოკრატიულ სამყაროში სიმართლე და ჭეშმარიტი ინფორმაცია ყოველთვის იკვლევს გზას.

ეს არის განსხვავება დემოკრატიას, ავტორიტარიზმსა და თავისუფლებას შორის.

შარშან ჩვენ ბევრი გაბედული, პატიოსანი ადამიანი იმ პერიოდში დაგვიდგა გვერდზე, როცა თავადაც ბევრი პრობლემა ჰქონდათ; გვერდზე დაგვიდგა იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ძვირი დაუჯდათ ეს.

პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს, რომელიც აქ იყო ჩამოსული სხვა ლიდერებთან ერთად, ვლადიმერ პუტინმა გამოუცხადა, რომ უკრაინა მწარედ ინანებდა ამისთვის და იანვარში ბუნებრივი გაზით გადაიხდიდა საქართველოს მხარდაჭერას. პუტინმა დაპირება შეასრულა კიდეც.

როდესაც მეორე ევროპული ქვეყანა ამოგვიდგა მხარში, ორჯერ გაუძვირეს ბუნებრივი გაზის ფასი და საქართველოს მხარდამჭერი რამდენიმე განცხადების სანაცვლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში უწევდათ გაზრდილი ფასით გაზის შესყიდვა.

ბევრი სხვა მეთოდით იძიეს შური იისატვის, რომ ყველა დაეშინებინათ და ახლოს აღარ გაგვკარებოდა, მაგრამ ხალხი, რომელიც ჩვენ გვერდზე დადგა, ნამდვილად დარჩება ევროპის ისტორიაში, როგორც ადამიანები, რომელთაც ხმა აიმაღლეს ძალადობის, უსამართლობის, დიდის მიერ პატარის ჩაგვრის წინააღმდეგ.

ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება, რომ ევროპული ქვეყნების ლიდერები ჩამოვიდნენ თბილისში და სადღეღამისო მორიგეობა დაგვიწესეს. მათ შორის, 5 აღმოსავლეთევროპული ქვეყნის ლიდერი იყო აქ იმ დღეებში და იდგა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც რუსის ტანკები ჩქარი ტემპით მოემართებოდნენ თბილისისკენ.

ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ათასობით სამედიცინო და სამოქალაქო მოხალისე, რომლებიც ჩამოვიდნენ და მშვიდობიან მოსახლეობას დაუდგნენ გვერდზე, რათა მათთვის გაჭირვება შეემსუბუქებინათ.

არასდროს დაგვავიწყდება, რომ ევროპის ბევრ ქალაქში იყო ჩვენი მხარდამჭერი გამოსვლები.

არასდროს დაგვავიწყდებაის, რაც მოხდა ლიტვაში - ამ პატარა ქვეყანაში რამდენიმე დღის განმავლობაში გაიყიდა 300 ათასამდე ქართული დროშა და მოეწყო ისეთივე მრავალრიცხოვანი მიტინგები, როგორც იყო საქართველოში.

ჩვენი დღევანდელი სტუმარი ლიტვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთერთი აქტიური წევრი და თვალსაჩინო მოღვაწე იყო.

ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უბედნიერესი დღე იყო, როდესაც ლიტვამ საბჭოთა კავშირი დატოვა და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ლოზუნგი "ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის" - იყო ის ლოზუნგი, რომლითაც ხიდი გავდეთ ლიტვის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობასა და საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას შორის.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ლიტველი ხალხი გამოირჩევა იმით, რომ უკიდურესად გაბედული ხალხია ევროპაში, რომელსაც არ ეშინია ყველაზე დიდი მუქარების. ლიტველ ხალხს ამაყად უჭირავს საკუთარი ღირსება იმ პირობებშიც კი, როცა შეიძლება ბევრი სხვა ერს და მოღვაწეს შეშინებოდა და უკან დაეხია.

პეტრას ვაიტეკუნასი შარშან ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. იგი პირველი დღიდან ჩამოვიდა თბილისში და წუთითაც არ მოგვშორებია გვერდიდან - იყო იქ, სადაც გვბომბავდნენ, გვესროდნენ და წყდებოდა დიპლომატიური და იდეოლოგიური ომის საკითხები.

ჩვენი მტერი ძალიან კარგად იყო მომზადებული, ხოლო პროპაგანდისტული მანქანა - მთელი სიმძლავით ამუშავებული.

უამრავი ტყუილი ვრცელდებოდა ქართველების განხორციელებული გენოციდის შესახებ.

იმ დროს, როდესაც რუსეთმა გამოაცხადა, რომ თბილისის სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას აპირებდა, ამ მუქარის საპასუხოდ ასობით ათასი თბილისელი გამოვიდა ქუჩაში, თუმცა არა კონცერტის მოსაწყობად, როგორც ამის წარმოდგენა სურს ზოგიერთ იმ ადამიანს, რომელიც მაშინ დაიმალა, არამედ იმისთვის, რომ ეთქვათ: "თქვენ გვბომბავთ, ჩვენ კი აქ ვდგავართ და ჩვენს დროშას არასდროს არ დავხრით".

მე კარგად მახსოვს, როდესაც რუსები თბილისისკენ მოდიოდნენ, ჩვენი ხალხს სიმართლე ვუთხარით და საქმის კურსში ჩავაყენეთ იმის თაობაზე, რომ ვითარება იყო ძალზე მძიმე.

ამის შემდეგ ჩემი პირველი რეაქცია იყო მივსულიყავი ფანჯარასთან და მენახა თბილისდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზები, რომლებიც საგანგებოდ იყო გათავისუფლებული, რადგან მოსახლეობასაც და მთავრობასაც ქალაქის დატოვებისკენ უბიძგბდნენ.

იმ გზებზე არც ერთი ზედმეტი მანქანა არ დამინახავს. მე დავინახე მკვდარი თბილისის ქუჩები, რადგან მთავრობამ ხალხს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

არ ყოფილა პანიკა მაღაზიებში - არავის დაუწყია პროდუქტების შესყიდვა და თადარიგის დაჭერა. არ ყოფილა რიგები ბენზინგასამართ სადგურებთან.

საქართველო იქცეოდა როგორც ცივილიზებული, კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოება ამ დიდი მონსტრის გამოწვევის წინაშე.

მაშინ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტრას ვაიტეკუნასმა გვითხრა: "ვინაიდან ისინი აპირებენ სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას, მე მზად ვარ ვიმორიგეო თბილისის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე, სტრატეგიულ ხიდებზე და გთხოვთ გამოაცხადეთ ტელევიზიით, რომ ევროკავშირის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აქ არის და მზადაა ყველა საფრთხეს შეეგუოს".

მან პრაქტიკულად მთელს მსოფლიოს უთხრა, რომ ის მზად იყო დარჩენილიყო საქართველოში და მომკვდარიყო საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ხალხისთვის და საქართველოს მომავლისთვის.

ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ლიტველი ხალხის თვალსაჩინო წარომადგენლის ეს სამოქალაქო გმირობა და ის დიდი სოლიდარობა და განსაკუთრებული სიყვარული, რომელიც ლიტვამ გამოიჩინა ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში.

მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეს ჩაიდინა, ბევრი რამე შეიცვალა. ლიტვა მაშინ ვერ დააშინეს, მაგრამ კარგად ვიცი, რომ სამეზობლოში ბევრს ძალიან შეეშინდა.

დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ვერ ნახავთ ვერც ერთ ქვეყანას, რომელსაც არ სურს თავისუფლება და საკუთარი უფლებების დაცვა, რომელსაც არ სურს იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ჩვენ მოგვიხდა ბარბაროსული არმიის პირველი დარტყმის საკუთარ თავზე მიღება, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ჩვენს და ლიტვის ისტორიაშიც, მაგრამ ჩვენ ეს დარტყმა მივიღეთ თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის, როგორც თქვენ დაგვიდექით გვერდზე ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის.

თავისუფლებას, რომელიც ეფუძნება ასეთ სოლიდარობას, ვერცერთი არათავისუფალი ტყუილის, სიცრუის და ბოროტების ძალა ვერასდროს ვერ დაამარცხებს.

ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პეტრასს იმისატვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა და ქართველი ხალხის სახელით ჩვენი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადავცე, რომელიც სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას - დავითისა და გოლიათის ბრძოლას განასახიერებს; იმას, რომ სულიერება ყოველთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე უზნეობა; იმას, რომ, რაც უნდა ძლიერი იყოს ბოროტება, თავისუფლება მაინც გაიმარჯვებს და გაიკვლევს გზას.

მსურს წმინდა გიორგის ორდენი გადმოგცეთ!

ლიტვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პეტრას ვაიტეკუნასი:

ბატომებო და ქალბატონებო!

ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, დღეს თქვენს შორის ვიმყოფებოდე.

მადლობთ წმ.გიორგის ორდენის ბოძებისთვის.

ვფიქრობ, ადამიანი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია.

საქართველოში მოპატიჟებისთანავე მაშინვე ჩამოვედი.

აქ ყოველთვის იშლება ქართული სუფრა, მაგრამ დღევანდელი წლისთავი არის ისტორიული გამოძახილი, მაგრამ ის მაინც განსხვავდება სხვა ისტორიული მოვლენებისგან, რადგან რუსეთი კვლავ აგრძელებს პროვოკაციებს საქართველოს შემოგარენში.

ხშირად ეს არის ღიად გამოხატული აგრესიული აქციები, რომელბიც საერთაშორისო საზოგადოების ნორმებს ეწინააღმდეგება.

შაშანდელი ომის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, ცხინვალის რეგიონის მრავალი მკვიდრი გახდა ლტოლვილი საკუთარ სამშობლოში და სახლებში დაბრუნების საშუალება არა აქვთ.

ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო!

ომის ჭრილობების განკურნებას დიდი დრო სჭირდება - მეორე მსოფლიო ომის ჭრილობები დღესაც არ არის მოშუშებული.

საქართველომ დღეს პატივი მიაგო თავის გმირებს, რომლებიც აგვისტოს ომში დაიღუპნენ. ქუჩებსა და სკოლებს დაერქმევა მათი სახელები.

ამ რეგიონებში ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, მსოფლიო ბანკმა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დევნილებს საცხოვრებლის პრობლემა მოუგვარეს, მაგრამ გასული ომის ჭრილობები ჯერ კიდევ ღიაა.

ერთი წლის წინათ ჩვენ არაფერი არ ვიცოდით წეროვანის შესახებ. ლენინგორის სახელი დავიწყებული იყო, მაგრამ ომის შემდეგ ამ დასახლებული პუნქტების სახელები ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა.

სწორედ ესაა დღევანდელი რეალობა.

ომი დამთავრდა, მაგრამ ჩვენს გულებსა და გონებაში მშვიდობას ჯერ არ დაუსადგურებია. ქუჩებში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ეს.

გუშინ სადილობისას ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, რაც გასულ წელს მოხდა. ჩვენ ბუნებრივი ემოციები გვქონდა იმის თაობაზე, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ახალი ვირუსები შემოვიდეს. ქართველი ხალხის ურთიერთობა ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებთან, აფხაზეთის მოსახლეობასთან ტკივილით აღსავსეა და ჩვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკის შემუშავება, რათა კვლავ გაჩნდეს ნდობა ამ საზოგადოებებს შორის.

მე ვიცი, რომ საქართველო აყვავდება და განვითარდება როგორც ერთიანი სახელმწიფო ევრო-ატლანტიკურ არეალში.

ბატონო პრეზიდენტო, მნიშვნელოვანია ის, რაც თქვენ თქვით, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შერიგებისკენ გადავდგათ ნაბიჯები.

საქართველო დიდებული ქვეყანაა და ის არ იმსახურებს იმას, რაც მოხდა.

ქალბატონებო და ბატონებო, აგვისტოს ომი იყო მცდელობა იმისა, რომ შეეჩერებინათ საქართველოს სვლა დასავლური სამყაროსკენ. ეს იყო მცდელობა, ძირი გამოეთხარათ საქართველოს სწრაფვისთვის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში და შეეჩერებინათ დემოკრატიული პროცესი.

უფრო მეტიც, ეს იყო მცდელობა გადაეწერათ ისტორია და ძირითადი კანონები ომის შემდეგი ევროპისა. აგვისტოს ომის შედეგებს გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს - ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მიყენებული დარტყმა.

ამ ომით შეილახა საქართველოს სუვერენიტეტი. ამით დაირღვა საერთაშორისო კანონმდებლობაც და შეიქმნა ახალი რეალობები. ყოველივე ეს ახალ ვალდებულებებს გვაკისრებს. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ახალი ტექნიკა, რათა ევროპულმა ოჯახმა შეძლოს საქართველოს მთლიანობის დაცვა.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ შენარჩუნდეს ის მდგომარეობა, რაც უკანონერად, ძალის გამოყენებით შეიქმნა.

ამიტომ უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს მოვლენებს, რომელბიც საქართველოში განვითარდა.

რუსეთის მიმართულებით მრავალი მოწოდება გაისმა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს.

ევროკავშირის პარლამენტის ყველა წევრს, ყველა მთავრობას მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ ამ მიმართულებით.

მოვუწოდებთ უშიშროების საბჭოს, გაეროს, სხვა სერთაშორისო ორგანიზაციებს, ძალისხმევა არ დაიშურონ, რათა არ მოხდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალკე სახელმწიფოდ აღიარება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ყველა ძალას ხმარობს ამ მიმართულებით და, უფრო მეტიც, დიდ ზეწოლასაც ახორციელებს სხვა ქვეყნებზე.

საქართველო ელის ჩვენგან, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს მყარი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნებოდა ყველა იმ საერთაშორისო ნორმის დარღვევა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ თანაცხოვრებისა და ურთიერთთანამშრომლობის თვალსაზრისით შეიმუშავა.

ის, ვინც ამ წესებს არღვს, ნამდვილად უნდა იხდიდეს საფასურს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივაღწევთ მოვლენათა პოზიტიურ განვითარებას კონფლიქტურ რეგიონებში.

ნებისმიერ შემთხვევაში მსოფლიოში არის ძალები, რომლებიც იბრძოლებს კანონიერების, კანონის უზენაესობის დასაცავად.

ევროპის მონიტორინგის მისია სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს.

ჩვენ ვეცდებით გავაძლიეროთ ევროწარმომადგენლობა საქართველოში, ურთიერთობა სხვა პარტნიორებთან, რათა მონიტორინგის საშუალებით, ახალი კონფლიქტის ალბათობა მინიმუმამდე შევამციროთ.

ჩვენ ვეცდებით, რომ არ დავუშვათ საქართველოში მოვლენების აქსელერაცია.

საქართველოს საშუალება უნდა მივცეთ მეტი დემოკრატიულ არჩევანი ჰქონდეს, რომ ხელი შეეწყოს მის, როგორც ევროპულ, ისე ტრანსატლანტიკურ ლტოლვას და სულისკვეთებას.

იმისთვის, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია დაჩქარდეს, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მას შეძლოს თავისი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროსტანდარტებთან.

დღეს საქართველო უამრავი პრობლემების წინაშე დგას. ამიტომ ქართველ ერს მინდა ვუსურვო მოთმინება და გაძლება, რადგან მთელი თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ეს მას არაერთხელ განუცდია.

ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს საქართველო!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)