Google+

ბრიფინგები

24.04.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

მანანა მანჯგალაძე ტრადიციულ ბრიფინგზე რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს შეეხო და, უპირველესად, ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენის დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ტრამპი საქართველოში ყველაზე მასშტაბური  პროექტის  განხორციელებას იწყებს.  როგორც მან აღნიშნა, „ტრამპ თაუერის“  მშენებლობა იმის ნათელი მაგალითია, თუ რამდენად  მიმზიდველი გახდა ჩვენი ქვეყანა,  მათ შორის, მსხვილი ინვესტორებისთვის.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ნენსკრაჰესის ისტორიულ მშენებელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც სხვანეთში გუშინ მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა საფუძველი.  გრანდიოზული პროექტი ჩინური ინვესტიციის  შედეგად ხორციელდება.

„სწორედ, ამგვარი პროექტების განხორციელება იძლევა იმის საშუალებას, რომ   ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირდეს. რა თქმა უნდა, ამ  გამოწვევის დასაძლევად სერიოზული საფუძველია  სხვა  ამგვარი პროექტებიც, რომელთა  განხორციელება მიმდინარე წლის განმავლობაში იგეგმება. უპირველესად, ყოველივე ეს ჩვენი  მოქალაქეების დასაქმებისკენ არის მიმართული. უნდა  ითქვას, რომ მარტო სვანეთში - ნენსკრას ჰესის მშენებლობაზე 1200 ადამიანი დასაქმდება“, - აღნიშნა მან.

პრესსპიკერის განცხადებით ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრა მრავალი საინვესტიციო პროექტის  განხორციელების  წინაპირობად  იქცა. იგი IFC    ჩატარებულ კვლევასაც შეეხო, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 75 პროცენტი მიიჩნევს, საქართველოში საკმაოდ მიმზიდველი ბიზნესგარემოა.  კორუფცია მხოლოდ 0,1 პროცენტმა ახსენა, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას წარმოქმნილი პრობლემა.  

ამ თემების ერთგვარი გაგრძელების სახით, მანანა მანჯგალაძემ იმ ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა, რომლებსაც პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში გეგმავს. 

„ხაშურში მალე ახალი მინის ქარხნის მშენებლობა დაიწყება. თბილისში კი რძის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნება. საგულისხმოა, რომ ეს საწარმო მთლიანად  ავსტრიული ინვესტიციით აშენდა. ამას გარდა, პრეზიდენტი დღეს გურჯაანის ახლადაშენებული საავადმყოფოს დაათვალიერებს“, - აღნიშნა პრესსპიკერმა და დასძინა, რომ ეს პრეზიდენტის უახლოესი  დღეების  გეგმებია. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code