Google+

ბრიფინგები

10.04.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

დღეს, მანანა მანჯგალაძემ ტრადიციული ბრიფინგი გამართა და ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბოლო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში შემოსულ მოქალაქეთა რაოდენობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2012 წლის  29  თებერვლიდან დღემდე  საქართველოს საზღვარი 30 ათასამდე რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც გასული წლის  ამ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 70 პროცენტით მეტია. მანანა მანჯგალაძის თქმით, ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთთან უვიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების გადაწყევტილების მართებულობას. ამასთან, პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ტურიზმის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისა და სამუშაო ადგილების ზრდის წინაპირობაა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მანანა მანჯგალაძე შეეხო, სოფლის მეურნეობის სფეროს, კერძოდ კი საგაზაფხულო სამუშაოები უკავშირდება. მან სამთავრობო ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებში 2012 წლის დამდეგს მექანიზაციის პარკის განახლების მიზნით, საქართველოში  შემოყვანილია 140  ტრაქტორი (ბელორუსი) და 170  გუთანი. მისი თქმით, სოფლების ტრაქტორებით უზრუნველყოფის პროცესი კვლავაც გრძელდება.  ფერმერთა  ხელშეწყობისთვის კი რეგიონებში შენდება მექანიზაციის 12 სერვისცენტრი, სადაც განთავსდება რეგიონებში შეტანილი ტექნიკა. აქვე მოხდება მათი შეკეთებაც, გლეხები კი სერვისცენტრებში მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაციას მიიღებენ.  

„უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ასეული ტრაქტორი შემოვა. ამას გარდა,   შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია, დამატებით, დაახლოებით, 400  ტრაქტორისა და  კომბაინის შემოტანა. ბუნებრივია, ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება, ვიდრე მექანიზაციის პარკი იმ რაოდენობის ტექნიკით არ აღიჭურვება, რაც აგრარული სექტორისთვის არის  საჭირო. ახალი სერვისცენტრები აპრილის ბოლოდან ამოქმედდება და ეტაპობრივად, ყველა რეგიონში გაიხსნება. მაისის დამლევს ფერმერებსა და გლეხებს  თორმეტივე  ცენტრი  სრული დატვირთვით მოემსახურება“, - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code