Google+

ბრიფინგები

06.03.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გასული კვირის მოვლენები შეაჯამა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი კვირის მთავარი თემით დაიწყო, რომელიც საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვას შეეხებოდა.

„პრეზიდენტმა ბევრ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა, მათ შორის, ყურადღება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას, დასაქმების პრობლემას დაუთმო. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული პროექტების განხორციელება იგეგმება, ლაპარაკია ინვესტიციების შემოსვლაზე, ახალი ჰესებისა და კლინიკების მშენებლობაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. თითოეულ სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია. კერძოდ, მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებზე 13 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერმა ყურადღება მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ ინიციატივაზე გაამახვილა, რომელიც საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარებას შეეხება. პრეზიდენტის ინიციატივით, 2013 წლის პირველი იანვრიდან თითოეული ოჯახი მესამე ბავშვის დაბადებისას, სახელმწიფოსგან, ერთჯერადად, ათას ლარს მიიღებს, ხოლო მეოთხე და მეტი შვილის შეძენისას - ორი ათას ლარს. მიმდინარე დემოგრაფიულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ინიციატივის მთლიანი ღირებულება, დაახლოებით, 15-20 მილიონი ლარი იქნება. პრეზიდენტის ეს ინიციატივა, ასევე, ითვალისწინებს მრავალშვილიან ოჯახებში (ოთხი ან მეტი შვილი) 18 წლამდე ასაკის შვილებისთვის სრულფასოვანი დაზღვევის პაკეტებით დამკაყოფილებას.

მანანა მანჯგალაძის თქმით, ჯანდაცვის სფერო სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება და 130 ახლადგახსნილ კლინიკასთან ერთად, განხორციელდება პროგრამა, რომლის შედეგადაც, 2012 წლიდან, პრაქტიკულად, ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება.  მათი რაოდენობა 2 მილიონ 500 ათასს აღემატება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მოხუცებისა და ბავშვების სამედიცინო დაზღვევა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე, განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

"როდესაც განათლების სფეროზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. საქართველოში 23 ახალი სკოლა გაიხსნება, 600 კი - გარემონტდება, გაიზრდება პედაგოგთა ხელფასები, გაგრძელდება სკოლების კომპიუტერიზაცია, მათი აღჭურვა ახალი ტექნოლოგიებით და  ლაბორატორიების განახლება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროფესიულ სწავლებას. ამ მიმართულებით, სახელმწიფოს მხრივ, გათვალისწინებულია ფინანსური დახმარებაც", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერმა სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება მექანიზაციის 12 ცენტრის გახსნა. პირველი ივნისიდან აღნიშნულ ცენტრებს 563 ტრაქტორი, 50 კომბაინი და 1470 გუთანი  შეემატება. ყოველივე ეს, მისი თქმით, გლეხებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

მანანა მანჯგალაძემ ყურადღება პრეზიდენტის იმ ინიციატივაზე გაამახვილა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პარლმანეტში გამოსვლისას წამოაყენა. აღნიშნული ინიციატივა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ცალმხრივად შემოღებას ითვალისწინებს.  

"ინიციატივა ძალაში გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში შევიდა და დღევანდელი მონაცემებით - 29 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის 2500-მდე მოქალაქემ უვიზოდ გადმოლახა საქართველოს საზღვარი. სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციის საპასუხო რეაქცია კვლავაც არაადეკავატური აღმოჩნდა", - განაცხადა პრესსპიკერმა.

ბრიფინგის დასასრულს, მანანა მანჯგალაძემ ბაქოში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის თაობაზე ისაუბრა.

„ვიზიტი დღეს დაიწყება, რომლის ფარგლებშიც,  დაგეგმილია პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილხამ ალიევთან. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ბაქოში ვიზიტის მეორე დღეს, მიხეილ სააკაშვილი  აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ამას გარდა, აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა“, - განაცახადა პრესსპიკერმა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code