Google+

ბრიფინგები

31.01.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

ტრადიციულ ბრიფინგზე, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მხოლოდ ერთ საკითხს შეეხო - ვაშინგტონში, თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების ოფიციალურ შეხვედრას. მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ეს იყო  უაღრესად მნიშვნელოვანი და  ნაყოფიერი შეხვედრა, რომელზეც პრეზიდენტებმა საკითხთა ძალზე ფართო სპექტრი   განიხილეს და საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო.

„ამ მხრივ, გამოვყოფდი ეკონომიკურ საკითხებს, რომელთა შესახებ ორი ქვეყნის ლიდერებმა დეტალურად ისაუბრეს. შეხვედრისას, მიიღეს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, დიალოგი მაღალ დონეზე გაგრძელდება და  განხილული იქნება  თავისუფალი ვაჭრობის  შესახებ ხელშეკრულების მიღწევის პერსპექტივა. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისათვის, რადგან ეს  სიგნალი,  თავისთავად,  ხელს შუწყობს  საქართველოს  ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერმა განაცხადა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში პრეზიდენტებმა საკმაოდ ვრცლად განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. მანჯგალაძის თქმით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით, ამას ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„უნდა ითქვას, რომ უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრები შესაბამის თანამდებობის პირებს შორის, რათა იმსჯელონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ამ სფეროში თანაშრომლობის  კონკრეტულ ასპექტებზე. მსგავსი შეხვედრები ამავე ვიზიტის ფარგლებშიც გაიმართება. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართავს  შეხვედრას, უახლოეს მომავალში კი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და შეერთებული შტატების თავდაცვის  მდივანს ლეონ  პანეტას შეხვდება. პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს იმ წარმატებებისა და პროგრესის შესახებ, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა ცალსახად უჭერს მხარს როგორც საქართველოს ნატოში  გაწევრიანებას, ისე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”, - განაცხადა პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა  და სხვა  დემოკრატიული გარდაქმნების სფეროში  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

„ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს პრეზიდენტმა ობამამ საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა. აღსანიშნავია ის, თუ რამდენად  კარგად იყო ინფორმირებული შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ რეფორმების შესახებ. რა თქმა უნდა, საქართველო გააგრძელებს რეფორმებს და ამ პროცესში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ორივე პრეზიდენტმა გამოთქვა დიდი სურვილი და რწმენა იმისა, რომ ისედაც არსებული ძალზე მყარი ორმხრივი ურთიერთობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code