Google+

ბრიფინგები

01.02.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

ტრადიციულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ საქართველო პრეზიდენტის უახლოესი გეგმების შესახებ ილაპარაკა და აღნიშნა, რომ  მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 47-ე კონფერენციას დაესწრება, რომელიც  4-6 თებერვალს  გაიმართება.  

კონფერენციაზე, რომლის დღის წესრიგში რამდენიმე კონკრეტული საკითხია შეტანილი: ახალი გამოწვევები, საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკა, ფინანსური კრიზისი, კიბერომი, განიარაღება და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა. 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ვიზიტი საკმაოდ დატვირთული იქნება ორმხრივი შეხვედრებით. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შორის, ასევე მოლაპარაკება გაიმართება შვეიცარიის პრეზიდენტთან.

ამას გარდა, მანანა მანჯგალაძემ ყურადღება გაამახვილა იმის თაობაზე, რომ უახლოეს პერიოდში პრეზიდენტი კანონმდებელთა წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგება.   

„პრაქტიკულად, ეს იქნება ერთგვარი ანგარიში, რა გაკეთდა გასული წლის განმავლობაში, რა გეგმებია დასახული სამომავლოდ, რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას და რა გამოწვევების წინაშე ვდგებით 2011 წელს, ასევე როგორია ქვეყნის პირველი პირის ხედვა და ხელისუფლების პოზიცია. ეს იქნება მოხსენება სწორედ იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ქვეყანას და მოსახლეობას აწუხებს. ეს არის როგორც სოციალური და ეკონომიკური, ისე საერთაშორისო  და უსაფრთხოების საკითხები", - აღნიშნა პრესსპიკერმა.

მანჯგალაძემ სტარსბურგში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პროცესების შესახებაც ილაპარაკა.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს  სარჩელის  განხილვა დაიწყო. როგორც იცით, საქმე ეხება  2006 წელს ეთნიკური ქართველების მასობრივ დეპორტაციას რუსეთის ფედერაციიდან. განხილვა რამდენიმე  დღე გაგრძელდება, რომლის დროსაც დაიკითხებიან მოწმეები,  სასამართლოს წინაშე წარდგებიან ექსპერტები და ასევე რუსეთში საქართველოს საელჩოს იმდროინდელი თანამშრომლები. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში  დაწყებულ პროცესს  მივესალმებით და  ყურადღებით ვადევნებთ თვალს", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code