Google+

ბრიფინგები

24.01.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს  ტელეარხის "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" მიერ მომზადებული პროექტის  "პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს" შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, აღნიშნული არხი მაუწყებლობას 25 იანვრიდან დაიწყებს და „პირველი საინფორმაციო კავკასიურის" ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტი  მისი პირველი სტუმარი სწორედ ამ სახით იქნება. როგორც პრესსპიკერმა განაცხადა, გადაცემა პირდაპირ ეთერში  25 იანვარს გავა და 18 საათზე დაიწყება.

„ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტია, რომელშიც ჩართული  იქნება  მთელი საქართველოს მოსახლეობა. ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტს შეკითხვებს დაუსვამს ხალხი სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც, მათთვის საინტერესო ყველა სფეროსა და პრობლემურ საკითხებთან იქნება დაკავშირებული. პროექტი ინტერაქტიულია და თითოეულ თქვენთაგანს საშუალება აქვს პრეზიდენტის სახელზე შეკითხვა გამოგზავნოს შემდეგ მისამართზე - president@gpb.ge. ასევე თითოეულ თქვენთაგანს  შესაძლებლობა მიეცემა დარეკოს  ტელეფონის ნომერზე - 402-402 და ქვეყნის პირველ პირს მიმართოს მისთვის საინტერესო შეკითხვით. დღეიდან,  მთელი დღის  განმავლობაში და ხვალ  პროექტის მსვლელობის დროს  პროექტის  საინფორმაციო ცენტრი პირდაპირ ეთერში  იმუშავებს. ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად  პროექტში ჩართული არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ასევე  მონაწილეობის მიღების საშულება  გაქვთ  თქვენ - ჟურნალისტებს, როგორც  ბეჭდურ, ისე ელექტრონულ და ინტერნეტ მედია საშუალებებს.  არხის „პირველი საინფორმაციო კავკასიური" ინიციატივის შემდეგ, პრეზინდეტმა გამოთქვა სურვილი, რომ ამ პროექტში რეგიონული მედიაც ჩაერთოს, რათა პროექტი ლოკალური არ იყოს და შეკითხვის დასმის შესაძლებლობა მხოლოდ  ნაციონალურ არხებსა და დედაქალაქში მომუშავე გამოცემლობებს არ მიეცეს", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერი გასული კვირის მოვლენებსა და აქტუალურ თემებსაც შეეხო, მათ შორის,  პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტს, სადაც ორმხრივი უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა.  

„შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის განსაკუთრებული ურთიერთობა,  რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის არის. ჩვენი შეფასებით, ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი და  საინტერესო ვიზიტი, უპირველესად, მისი ახალი  პრიორიტეტებიდან გამომდინარე. უნდა აღინიშნოს, საქართველოსა და სომხეთს შორის დაწყებული ურთიერთობა საგანმანათლებლო  სფეროში, რისი  ნათელი მაგალითიც იყო ის პირველი ახალგაზდრული ოლიმპიადა, რომელიც ერევანში გაიმართა და რომელსაც მომავალში თბილისი უმასპინძლებს. ახალ თაობებს ერთმანეთთან არა მარტო პოლიტიკური თანამშრომლობა აკავშირებს, არამედ საზოგადოებრივ-კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროც. მხარეებმა, პრაქტიკულად, ყველა თემაზე ისაუბრეს და, ბუნებრივია, აქ ის საკითხები იგულისხმება, რომელიც ორი ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. განსაკუთრებით ეს შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებსა და მოსახლეობის გადაადგილების გამარტივებას, ამ მხრივ, ახალი რეჟიმის შემუშავებასა და  ორმხრივ ინვესტიციებს", - აღნიშნა პრესსპიკერმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მანანა მანჯგალაძემ ყურადღება გაამახვილა ტყიბულის მინდელის სახელობის  მაღაროში მომხდარი აფეთქება იყო.

„ამ ფაქტს, სამწუხაროდ, ადამიანის სიცოცხლე  შეეწირა. ამის შესახებ პრეზიდნეტის პოზიცია უკვე იცით, მაგრამ, მინდა დავამატო, რომ  მიმდინარეობს დეტალური გამოძიება და   გამოძიება პასუხს გასცემს იმ შეკითხვებს, რომლებიც ამ შემთხვევის შემდეგ გაჩნდა", - დასძინა მანჯგალაძემ.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code