Google+

ბრიფინგები

18.01.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის ბრიფინგი

ამ წელიწადში გამართულ პირველ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ამერიკის შეერთებულ  შტატებში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში საგანგებოდ მიიწვიეს საქართველოს დიდი მეგობრისა და მსოფლიო რანგის დიპლომატის რიჩარდ  ჰოლბრუკის  ხსოვნისადმი მიძღვნილ  ღონისძიებაზე. ამასთან,  ჩვენი ქვეყნისათვის ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარკებები გაიმართა როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან, ისე კონგრესში.

 „ბუნებრივია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა შეერთებული შტატების პრეზიდენთან. ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილის რიგით მეორე შეხვედრა იყო. თეთრი სახლის ინიციატივით გამართულ ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობა შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა  ჯოზეფ ბაიდენმაც მიიღო. პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ გაიმართება შეხვედრა გაფართოებული ფორმატით. ამას გარდა განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ორხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა კონგრესის  წარმომადგენლობითი პალატის  ახლადარჩეულ  სპიკერთან ჯონ ბეინერთან. სიმბოლურია, რომ  მიხეილ სააკაშვილი პირველი უცხო ქვეყნის ლიდერია, რომელსაც ის შეხვდა. ამას გარდა, შეხვედრები გაიმართა რესპუბლიკური და   დემოკრატიული პარტიების  სენატორებთან. ვაშინგტონში ყოფნისას, სააკაშვილი შეხვდა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში რესპუბლიკელების ლიდერს რიჩარდ ლუგარს და დემოკრატ სენატორს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს კარლ ლევინს; ასევე რესპუბლიკელ კონგრესმენებს დევიდ დრაიერსა და ბილ შუსტერს; სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი კი, მიხეილ სააკაშვილმა  წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

კიდევ ერთხელ დავუბრუნდები შეხვედრების დროს განხილულ საკითხებსა და თემებს და აღვნიშნავ, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა ეკონომიკურ და სავაჭრო, ასევე უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის დეტალებზე, ასევე ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობის პროცესის თაობაზე ისაუბრეს", - განაცხადა პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძე ათასწლეულის გამოწვევების  კორპორაცის იმ გადაწყვეტილებას შეეხო, რომელიც საქართველოს დახმარებას ითვალისწინებს. მისი თქმით, შეერთებულ შტატებში ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტს  კიდევ ერთხელ მიეცა კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან დენიელ იოჰანესთან შეხვედრის საშუალება.   

„საქართველო და მილენიუმის გამოწვევების კორპორაცია უკვე დიდი ხანია, რაც აქტიურად თანამშრომლობენ და დამატებითი დაფინანსების გამოყოფის გადაწყვეტილებაც საქართველოს მხრივ  წარმატებულად შესრულებულმა სამუშაოებმა განაპირობა", - აღნიშნა მან.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code