Google+

ბრიფინგები

21.12.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ სამშაბათის ტრადიციული ბრიფინგი გასულ კვირას გამართული მთავრობის სხდომითა და იქ განხილული ეკონომიკური საკითხებით დაიწყო. მთავარი, რაზეც პრესსპიკერმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური საკითხები, ქვეყანაში  ინფლაციის  წინააღმდეგ  ბრძოლის სამთავრობო  გეგმის შემუშავება და ამ მხრივ, პრეზიდენტის მიერ მთავრობისადმი მიცემული დავალებები იყო. 

„მთავრობამ უახლოეს პერიოდში უნდა მოამზადოს  ის გადაწყვეტილებები, რომელთა მეშვეობითაც   ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე  და განსაკუთრებით, შეჭირვებული მოსახლეობა მაქსიმალურად იქნება დაცული ამ პროცესების მძიმე შედეგებისგან. მთავრობამ ყველა  ბერკეტი და რესურსი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები მსოფლიოში ფასების  ზრდასთან  დაკავშირებული პრობლმებისგან დაიცვას და ამ პროცესებმა  მათთვის შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიროს. საამისოდ, პრეზიდენტმა  მთავრობას გარკვეული ვადა  მისცა. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა აღნიშნულ გეგმას წარმოადგენს. ამას გარდა, პრეზიდენტის დავალებით ხელისუფლება  მუშაობას გააგრძელებს ადმინისტრაციული ხარჯების  შემცირების მიმართულებით. ასევე  გაგრძელდება  მუშაობა  სტრუქტურული  ცვლილებების პროექტზე, რომელიც, უპირველესად,  ბიუროკრატიული აპარატის შემცირებას გულისხმობს", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერმა საქართველოს პრეზიდენტის  სამშვიდობო ინიციატივების თაობაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივა რუსეთის ფედერაციის მხრიდან კვლავ უპასუხოდ რჩება, რაც დადასტურდა კიდეც ჟენევის მოლაპარაკების მე-14 რაუნდზე.

„მათი პოზიცია სრულიად არაადეკვატურია იმის მიუხედავად, რომ  საქართველო კვლავაც  აგრძელებს თავის სამშვიდობო  შეთავაზებებს, იმ ინიციატივების  ერთგული რჩება,   რომლებიც  საქართველოს პრეზიდენტმა  სტრასბურგსა და ასტანაში გააცხადა. ქართული მხარე კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას რუსეთთან სრულყოფილი დიალოგი გამართოს ნებისმიერ თემაზე. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ  რუსეთის მხარეს გადაეცა სრული და დეტალური  ინფორმაცია, ასევე ყველა მასალა, რომელიც უკავშირდება  საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ტერაქტებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კვლავაც ძალაში რჩება ჩვენი მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ - ჩაერთოს  გამოძიების პროცესში ", - განაცხადა მანჯგლაძემ.

გასულ კვირას მიღებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, სავიზო რეჟიმის გამარტივებას შეეხება. 

„დავაკონკრეტებ რამდენიმე ძირითად ასპექტს იმის თაობაზე, თუ რას გულისხმობს სავიზო რეჟიმის გამარტივება. უპირველესად, თუკი პოლიტიკურ შეფასებას გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერა; რომ  ჩვენს ქვეყანასა და ხალხს  ნდობას უცხადებს  დემოკრატიული საზოგადოება;  რომ საქართველოსთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის რისკი და საფრთხე გამოირიცხა. სავიზო რეჟმის გამარტივება საკმაოდ დიდი შეღავათია ჩვენი მოსახლეობისათვის. ეს  პროცესი ხელს შეუწყობს ხალხთა შორის ურთიერთობისა და ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებას ბიზნესწრეების  წარმომადგენელთათვის. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ის, რომ გამარტივდება სასწავლო და სტუდენტური ვიზების მიღება; პროცესი გამარტივდება სამეცნიერო  და აკადემიური წრეებისათვის, სამედიცინო პერსონალისთვის, ჟურნალისტებისთვის და მათთვის, ვისაც ოჯახის წევრები აღნიშნულ ქვეყნებში ჰყავთ. ამაში იგულისხმება ისიც, რომ რეგულარულ პასპორტებზე შემცირდება ვიზის საფასური და ასევე, დადგინდება ვადა,  რომელსაც საკონსულოს თანამშრომელმა არ უნდა გადააცილოს,  ვიზის არ გაცემის შემთხვევაში კი, უნდა დაასაბუთოს ამის მიზეზი", - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება საკამოდ  მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის, ძალზე დიდი შეღავათია ჩვენი მოსახლეობისათვის და კარგი პოლტიკური ნიშნულია სახელმწიფოსთვის.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code