ლატვიის პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

12/8/2009

ლატვიის პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი მეუღლესთან ერთად საქართველოში სამუშაო ვიზიტით 7 დეკემბერს ჩამოვიდა. ვალდის ზატლერსმა პირველი შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესთან გამართა. შეხვედრის მთავარი თემა აჭარაში ლატვიური ინვესტიციების განხორციელება იყო.

პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვალდას ზატლერსის დახვედრის ოფოციალური ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტების პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს.

პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ გამართული მოლაპარაკების შემდეგ ლატვიის პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ლატვიის უმაღლესი ჯილდო "აღიარების ორდენი" გადასცა.

საქართველო ლატვიის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ლატვიელ და ქართველ ბიზნესმენებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებს ლატვიიდან ჩამოსული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ბიზნესმენები და მათი ქართველი კოლეგები ესწრებოდნენ.

მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ლატვიელ და ქართველ საქმიან წრეებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით, ასევე, ბიზნეს კონტაქტების მოძიების თვალსაზრისითაც.შეხვედრაზე სამომავლოდ თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,

საქართველოსა და ლატვიას რამდენიმე ათასი კილომეტრი და ერთი, ზედმეტად გაწელილი ქვეყანა აშორებს, მაგრამ საერთო ისტორია და საერთო ფასეულობები აერთიანებს. პრეზიდენის თქმით, ლატვიელებს კარგად ესმით საქართველოს მდგომარეობა და მათ კარგად იციან, რას ნიშნავს მასიური დეპორტაცია. მისივე თქმით, ბევრი რამ არის, რაც საქართველომ შეიძლება ლატვიისგან ისწავლოს და ასევე, მას აქვს იმედი, რომ ლატვიას საქართველოში ბევრი რამ დააინტერესებს.

ლატვიისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ამ კუთხით მათ დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ქართულ -ლატვიურ ბიზნესფორუმს. როგორც ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის ახალი შესაძლებლობების გამონახვის საშუალება.

მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ლატვიის პრეზიდენტის მოღვაწეობა, როგორც ექიმის, საქართველოში 90-იან წლებში, კერძოდ სააკაშვილის თქმით, იგი თბილისში 90-იან წლებში ტრავმატოლოგიის ცენტრში ოპერაციებს აკეთებდა და პაციენტებს მკურნალობდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარალელი გაავლო და განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც ერთმა ბოროტმა მანქანამ საქართველოს ტრავმები მიაყენა, საქართველო მიესალმება პროფესიონალი ტრავმატოლოგის დახმარებას.

ამასთანავე ვალდის ზატლერსმა მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი თანამშრომლობის პრეცენდენტი საქართველოსთან 15 წლის წინ და ეს იყო თანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითი ხალხებსა და ქვეყნებს შორის. ამასთანავე, ლატვიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვიას როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს საქართველოს და დახმარების ხელი გაუწოდოს როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-სთან დაახლოების გზაზე.

ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის განზრახვაზე, შეისყიდოს სამხედრო ავიალაინერი "მისტრალი".

როგორც ვალდის ზატლერსმა განაცხადა, ეს საკითხი კარგად უნდა იყოს შესწავლილი, მართლაც წარმოადგენს თუ არა ეს შესყიდვა რაიმე საფრთხეს რეგიონისთვის. თუ შესაძლოა ამით რუსეთსა და ევროპას შორის ნდობა ამაღლდეს და შეუწყობს თუ არა ეს ნაბიჯი ამ ნდობის ამაღლებას ხელს.

ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, არსებობს სერიოზული ინსტრუმენტი - ნატო და სწორედ ამ ორგანიზაციის შიგნით მიმდინარეობს განხილვა, ამ საკითხის ირგვლივ კონსულტაციები რეგულარულად უნდა წარიმართოს. მისივე თქმით, აუცილებელია ორგანიზებულად მოქმედება იმისათვის, რომ ყველა რეგიონში, განსაკუთრებით კი კავკასიის რეგიონში მშვიდობა შენარჩუნდეს.

ლატვიის პრეზიდენტმა ცალსახად განაცხადა, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იგი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არასოდეს აღიარებს.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, რუსეთი არის საომარ სიტუაციაში საქართველოსთან და რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 90 პროცენტით არ სრულდება. პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს აქვს აგრესიული გეგმები არა მხოლოდ ტერიტორიებთან დაკავშირებით, არამედ რუსეთის ლიდერები აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ სურთ საქართველოში არსებული ხელისუფლების შეცვლა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური