Google+

სიახლეები

14.08.2011
ბათუმის ხელოვნების განახლებულ ცენტრში საქართველოს პრეზიდენტი პირველ სპექტაკლს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან, სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად,  ბათუმის ხელოვნების განახლებულ ცენტრში მიუზიკლის „ქეთო და კოტე" პრემიერას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახალი ცენტრი რეკორდულად მოკლე დროში გაკეთდა და ქუთაისისა და თბილისის მსგავსად, უკვე  ბათუმშიც შესაძლებელია გრანდიოზული საღამოების გამართვა. საუბრისას, მან ყურადღება ტურისტულ სეზონზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 3-ჯერ არის გაზრდილი.

„არ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ოპერის გარემონტებული შენობა - ეს სრულიად ახალი თეატრია. ეს ცენტრი, არ დაგიმალავთ, ჩემი სისუსტე იყო და მშენებლობის პროცესში აქ ხშირად მოვდიოდი. პრაქტიკულად, ყველაფერი ნულიდან აშენდა და ეს არის გვირგვინი იმისა, რაც  საქართველოში  კეთდება. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, თითქმის, ახლიდან აშენდა ქუთაისის ოპერა, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს  მესხიშვილის სახელობის თატრში; თბილისში რეაბილიტაცია ჩაუტარდა რუსთაველის, მარჯანიშვილისა და გრიბოედოვის სახელობის თეატრებს;  უზარმაზარი სარეაბილიტაციო  სამუშაოები მიმდინარეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი, პრაქტიკულად, თავიდან გაკეთდა. გარემონტდა თელავის თეატრი, სხვა მნიშვნელოვანი კულტურის ცენტრები და ეს - წარმოუდგენელი სილამაზის მქონე ბათუმის ოპერის თეატრი. რამდენიმე დღის წინ აქ ჩამოსული იყო ცნობილი დანიელი არქიტექტორი ჰენინგ ლარსენი, რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ოპერის თეატრი - კოპენჰაგენის ოპერა ააშენა. ბათუმის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დათვალიერების შემდეგ ლარსენს პირადად შევხვდი - იგი აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნანახით.  
 
ვფიქრობ, ამ ცენტრის გახსნა ახალი ჟანრისა და საერთოდ ქართული კულტურის დიდი აღორძინების დასაწყისია. ის, რაც ამ მხრივ კეთდება, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ბათუმისათვის. ამ ქალაქზე მუდმივად ორ რამეს ამბობენ: ერთი, როდესაც ბათუმში სხვა კუთხეებიდან ჩამოდიან მათი მუდმივი პრობლემა ცუდი ამინდია და მეორე,  ბათუმელები ყოველთვის იმას ამბობენ, რომ გასულ წელს უფრო მეტი დამსვენებელი იყო, ვიდრე წელს. არც ერთნი ამბობენ სიმართლეს და არც მეორენი. ისიც ცხადია, რომ ამინდი აშკარად გაუმჯობესდა და ისიც, რომ დამსვნებლების რაოდენობა წარმოუდგენლად გაიზარდა. ასლან აბაშიძის მმართველობის დროს აჭარაში, დაახლოებით, 130-140 ათასი დამსვენებელი ჩამოდიოდა, რაც აჭარის მოსახლეობაზე 3-ჯერ ნაკლებია. მას შემდეგ ეს მაჩვენებელი გაიზარდა და ახლა მათი რაოდენობა აჭარის მოსახლეობაზე  სამნახევარჯერ მეტია. რეალურად ეს ნიშნავს იმას, რომ უამრავი ადამიანი დასაქმდა, უამრავი ადამიანი დაკავდა მცირე ბიზნესით, გაუჩნდათ შემოსავლის წყარო იმისათვის, რომ ბავშვებს უკეთესად ასწავლონ, ჰქონდეთ მკურნალობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის საჭირო თანხა.
 
ამ ქალაქში მართლაც სასწაული ხდება და ტყუილად გვაკრიტიკებენ, როდესაც ბათუმს ნიცას ან კანს ვადარებთ. არც ნიცაში და არც კანში ასეთი თეატრი ნამდვილად არ არის... როდესაც აქ შემოვდიოდით, ძალიან ბევრი ადგილობრივი მცხოვრები დაგვხვდა, რომლებიც გულთბილად გვესალმებოდნენ. მათ ზუსტად იციან ის, რომ ყველაფერი ხალხისთვის კეთდება, რაც არ იციან ტელევიზიით მოლაპარაკე პოლიტიკოსებმა. ის, რომ აქ ოპერის თეატრი აშენდა ნიშნავს იმას, რომ გარშემო საცხოვრებელი ბინების ფასმა 2-ჯერ 3-ჯერ მოიმატა; ეს ნიშნავს იმას, რომ დამსვებნებელთა რაოდენობა ბევრად გაიზრდება; ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრად მეტი კაფეს, ბევრად მეტი პატარა ბიზნესის გაკეთება შეიძლება და, შესაბამისად, ბევრად მეტი პერსპექტივა გაუჩნდება ამ ხალხს.  
 
ყოველივე ეს ძალიან მახარებს, რადგან მართლაც საუკეთესო რამ გაკეთდა და  საგულისხმოა, რომ ძალიან კარგად იმუშავა ლევან ვარშალომიძემ, ასევე, მამა-შვილმა ხმალაძეებმა, რომელთა არქიტექტურა განსაკუთრებული  აღნიშვნის ღირსია. დღესდღეობით უკვე ყველაფერს ქართველები აშენებენ. როდესაც ბათუმის აღმშენებლობა დავიწყეთ, 80 პროცენტი თურქი მუშაობდა, ახლა კი ყველაფერს ქართველები აკეთებენ. ჩვენ ყველაზე კარგად ვისწავლეთ მუშაობა და გაჩნდა კიდეც შემოსავლის წყარო - ესეც ერთ-ერთი მიღწევაა. თანაც, ბათუმის აღმშენებლობის პროცესში ის ადამიანები დასაქმდნენ, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უმუშევრები იყვნენ. მართლაც, დღეს არა მარტო ხელოვნების ზეიმია, არამედ კიდევ ერთი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე. ოპერის ეს საოცარი შენობა, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, ზოგადად, ყველაფერი ის, რაც ბათუმში კეთდება, ერთ-ერთი საუკეთესო უნდა იყოს მსოფლიოში.
 
ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით მაჩანჩალები, უბედურები, კარგა ხანს გვაყრიდნენ თავზე ნაცარს და გვარწმუნებდნენ, რომ არაფერი არ გამოგვივიდოდა, ვიქნებოდით  მათხოვრები და ჩამორჩენილები. ნურას უკაცრავად! ყველაზე უკეთესად გავაკეთებთ ყველაფერს და რამჯერაც არ უნდა მიწოდოს ოპოზიციამ „შადრევან პირველი", მაინც ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს. შადრევნები შენობის შიგნითაც არის და გარეთაც, მაგრამ მათ ემატება ოპერის შენობები და კულტურის ცენტრები, ქარხნები და სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმების ახალი ადგილები, ახალი სკოლები და უნივერსიტეტები, მათ შორის, ბათუმის ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის მშენებლობა, ალბათ, ძალიან მალე დაიწყება.
 
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს არის ოცნება, რომელიც ნამდვილად სრულდება და გავიმეორებ - ეს ოცნება სრულდება საქართველოს ყველა პატრიოტის გულის გასახარად და მტრის ჯინზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
სპექტაკლის პრემიერაზე, მოწვეულ სტუმრებს შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)