Google+

სიახლეები

06.08.2011
საქართველოს პრეზიდენტი თამთა ლიპარტელიანის დაკრძალვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპული თამთა ლიპარტელიანის დაკრძალვას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში, სამოქალაქო პანაშვიდზე დასასწრებლად, საგანგებოდ ჩავიდა და გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს პირადად მიუსამძიმრა.

„დღეს ძალიან მიჭირს ლაპარაკი. თამთა ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ახალგაზრდებს შორის. საქართველო კი ეკუთვნის ჩვენს ახალგაზრდობას. დღეს არა მხოლოდ ქუთაისის და საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს ვკრძალავთ, არამედ საქართველოს მომავლის, საქართველოს იმედის, საქართველოს დღევანდელობის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს. ამ დღეებში ბევრი რამ გავიგე თამთას შესახებ. გავიგე ის, თუ როგორ ნატრობდნენ მის გაჩენას, რამდენად სათუთად ზრდიდნენ მას მშობლები, როგორ უვლიდნენ, მიუხედავად გაუსაძლისი ყოფისა. ყველამ გამოვიარეთ 90-იანი წლები და კარგად ვიცით, რამდენად რთული იყო ოჯახის შენახვა,  ბავშვის გაზრდა, მისთვის განათლების მიცემა... ბევრი ოჯახისთვის ეს დღესაც სირთულეებთან არის დაკავშირებული. ასე სიმწრით გაზრდილი პატარა ვარსკვლავი, რომელიც ცხოვრების დიდ გზაზე უნდა გასულიყო და უნდა ესახელებინა მშობლები და სამშობლო (საამისოდ გადადგა კიდეც ნაბიჯები), მაგრამ ჯოჯოხეთური ძალის შედეგად ჩამოშორდა ამ გზას და დატოვა ოჯახიც, მშობლებიც და ქვეყანაც. არ ვიცი რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს იმას, რაც ნორვეგიაში მოხდა. მშობლებმა იგი იმ ქვეყანაში გააცილეს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება და რომელშიც მოხვედრა ბევრისთვის საოცნებოა. მე ვცხოვრობდი ნორვეგიაში და ვიცი, რამდენად თბილი, სტუმართმოყვარე და კარგი ხალხი ცხოვრობს იქ. თუმცა ყველა კარგ ერშიც და ყველაზე ნორმალურ ადგილზეც კი, შეიძლება გამოერიოს ასეთი ადამიანი, რომელსაც ძნელიც კია უწოდო ადამიანი. სწორედ ამიტომ ვგლოვობთ ჩვენს დანაკარგს. აქ არიან ნორვეგიელები და მინდა მათ ვუთხრა: რა თქმა უნდა, ჩვენ განვიცდით იმასაც, რაც სხვა ოჯახებთან, სხვა შეწყვეტილ სიცოცხლეებთან მიმართებაში მოხდა - მათაც ძირში ჩაუკლეს იმედები. სანუგეშოდ, ალბათ, ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან დღეს ყველა ვგლოვობთ, მაგრამ მინდა ვუთხრა თამთას მეგობრებს, ამ ქალაქის - ჩემი საყვარელი ქუთაისის მკვიდრებს, ყველა ჩვენგანს - ცხოვრება გრძელდება და თითოეულ თქვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენ გვყავდა ასეთი ლამაზი ნათესავი, მეგობარი, თანამოქალაქე, თანამემამულე, რომელსაც დიდი მოლოდინი და დიდი იმედები ჰქონდა; რომ იგი იყო ძალიან მოკრძალებული და ძალიან მშრომელი ახალგაზრდა. სწორედ ასეთი ადამიანები აღწევენ ბევრს და თამთაც აუცილებლად მიაღწევდა ძალიან დიდ წარმატებას. მისი ოცნებები, ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარული და  სამომავლო გეგმები ჩვენი შემდგომი ცხოვრების ნაწილად უნდა ვაქციოთ. მინდა, მან თითოეულ ჩვენგანში გააგრძელოს ცხოვრება. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ იგი არ დაგვავიწყდეს - რა თქმა უნდა, არ დაგვავიწყდება არც მე და არც, მით უმეტეს, მათ, ვინც პირადად იცნობდა მას - მარტო ეს საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა ვიცხოვროვთ თამთას ცხოვრებით, მისი ოცნებებითა და სიყვარულით. თუ ამას გავაკეთებთ, ამ პატარა გოგონას ცხოვრება ფუჭად ჩაივლილი არ იქნება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

თამთა ლიპარტელიანის დაკრძალვას ნორვეგიის სამეფოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ღრმა მწუხარება გამოხატეს ქართველი გოგონას გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოუცხადეს მის ოჯახსა და საქართველოს. ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ თამთა ლიპარტელიანი არის ერთ-ერთი  გმირი, რომელიც კუნძულ ოტოიაზე გარდაიცვალა, თამთას ოჯახი კი - დიდი ნორვეგიული ოჯახის ნაწილი.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)